29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
PVT-ის ელემენტარული, მათემატიკური ანალიზის საფუძველზე ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი ISFED-ის მონაცემების კორექტულობაში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ISFED-მა არჩევნების შედეგების პარალელური დათვლისას უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც მმართველი გუნდი თავიდანვე ვარაუდობდა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს იმისთვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ "ქართული ოცნების" შეშფოთებას აღნიშნულ ცდომილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ, და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი

"ფიქსირდებოდა 2.4%-იანი ცდომილება "ქართული ოცნების" შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.

PVT-ის ელემენტარული, მათემატიკური ანალიზის საფუძველზე ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული რაოდენობის გამოთვლისას დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. ამის თაობაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე. 

მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა.

უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ, და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები