29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები გამოითხოვა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. ახლა დარჩენილია მიმართვა პარლამენტისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ამბობენ საქმიანობის გაგრძელებაზე.

პარტიული სია გამოითხოვა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ".

​"სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს 4 მანდატი და შესაბამისად, ეს პროცედურა, ახლა რაც ჩავაბარეთ, არის, რომ მეხუთე ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით ჩახსნილია სია. ის 4 ადამიანი, ვინც მანდატი მიიღო, უკვე შემდეგ კვირაში ჩააბარებენ განაცხადს ერთობლივად, ერთი პიროვნება გამოიყოფა ალბათ ოპოზიციიდან, რომელიც ყველა განაცხადს შეიტანს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ყველა დეპუტატმა, რომელიც ცესკოს მონაცემებით შესულია პარლამენტში, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება დაწერა. 

მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტს ამგვარი განცხადებით ოფიციალურად 17 დეკემბერს მიმართავენ. 

"ჩვენ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც გასული ვიყავით ცესკოს მონაცემებით პარლამენტში, ყველამ დავწერეთ უკვე განცხადებები, უბრალოდ, ამ განცხადებებს თარიღი დაესმევა, როდესაც ის შევა პარლამენტში, რადგან დღეს, მგონი, ჩვენ არ შეგვეძლო მისი ოფიციალურად შეტანა. თუ არ ვცდები, ოფიციალურად 17-ია თარიღი, როდესაც ჩვენ უნდა წარვადგინოთ ეს განცხადებები პარლამენტში და 17-ში აბსოლუტურად ყველა განცხადება იქნება წარდგენილი პარლამენტში. ეს უკვე დაწერილია და დევს პარტიებში ყველა დეპუტატის განცხადება,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით, ისინიც მზად არიან მანდატებზე უარის თქმისთვის, თუმცა, მოლაპარაკების დასრულებამდე ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. 

"თუ ამ პერიოდში, გაწელილი მოლაპარაკებების პერიოდში უწყდებათ უფლებამოსილება, კმაყოფილდება მათი განცხადება, ბლოკის წარმომადგენლებს, ჩვენი განცხადებაც, შესაბამისად, დაუყოვნებლივ იქნება შეტანილი და დარეგისტრირებული და ჩვენი უფლებამოსილებაც შეწყდება. თუ ამ პერიოდის მანძილზე არაფერი არ ხდება შეტანილ განცხადებებზე, მერე არ ხდება სხვაგანაც,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

რეგლამენტის მიხედვით, მანდატებზე უარის თქმისთვის თითოეულ დეპუტატს მოუწევს, პარლამენტს განცხადებით მიმართოს, პარტიებს კი ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სიების გაუქმება დასჭირდებათ, რათა ის დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.

 

დღის ამბები