29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
უკვე 6 საათია საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობს

6 საათია საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომლიც სხდომის ონლაინ რეჟიმის ნაცვლად დარბაზში გამართვას უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პრობლემების გამო, მოსამართლეს მაინც მოუწია იმ გადაწყვეტილების მიღება, რასაც დაცვის მხარე ითხოვდა. ამ წუთებში, სასამართლო სხდომა დარბაზში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი დისტანციურად ჩაერთვება, რადგანაც, ამ ეტაპზე, იზოლაციაში იმყოფება. 

"ტექნიკური პრობლემები იმ დონის იყო და ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულება, რომ შეუძლებელი გახდა სინდისზე გადაბიჯება და პროცესის ამგვარად დასრულება. დარწმუნებული ვარ, სურვილი, რომ პროცესი დღეს დასრულებულიყო, დღესაც არსებობს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს სასამართლოც და ხელისუფლებაც. თუმცა ის, რომ პროცესი მიჩუმათებულად გამართულიყო და არ ჰქონოდა დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად გადმოეცა თავისი პოზიცია, საბედნიეროდ, ჩაიშალა,"-განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, მტკიცებულებათა დასაშვებობასა და დევნის შეწყვეტაზე დააყენებს შუამდგომლობას. 

"დავაყენებთ ყველა იმ შუამდგომლობას, რაც წინასასამართლო სხდომაზე იხილება, - იქნება ეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, მტკიცებულებათა დასაშვებობა, დევნის შეწყვეტა - გააჩნია, რა ეტაპამდე მივალთ. თუმცა, ამ მოსამართლის პირობებში, რომელსაც დამოუკიდებლად იმის გადაწყვეტაც არ შეუძლია, პროცესი დისტანციურად ჩატარდეს თუ სასამართლოს დარბაზში, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. ეს მოსამართლე არის სამთავრობო პროპაგანდის პირდაპირი გამტარებელი,"-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობილი გახდა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობითაც მიმართა. 

დღის ამბები