29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
არეულობა ოპოზიციაში - ვის ადანაშაულებს საბოტაჟში ალეკო ელისაშვილის გუნდი

ალეკო ელისაშვილი ფასილიტატორებთან მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების ფონზე პირველია, ვინც პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე ღიად ალაპარაკდა. "მოქალაქეების" ლიდერმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესში მისი ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის სრული რეფორმირება იყო.

ელისაშვილის განმარტებით, ამ კუთხით ოპოზიციას "ოცნებასთან" შეთანხმებით ახალი პოლიტიკური რეალობის მიღების შანსი აქვს, რასაც მიზანმიმართულად "ევროპული საქართველო" და მისი ლიდერები აფერხებენ. ალეკო ელისაშვილმა საბოტაჟსა და არეულობის შეტანაში ბოკერია და უგულავა დაადანაშაულა.

ელისაშვილი დეპუტატის მანდატს იმ შემთხვევაში აიღებს, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

რა პირობა აქვს "გირჩს" პარლამენტში შესასვლელად? საარჩევნო რეფორმა თუ ახალი არჩევნები. აშკარაა, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა პრიორიტეტებია.

პარტიის ლიდერის პოზიციას იზიარებს ლევან იოსელიანიც, რომელმაც "დღის კურიერში" ბარიერგადალახულ პარტიებს ღიად საუბარი ურჩია.

ელისაშვილის ბრალდებებს "ევროპულ საქართველოში" მალევე უპასუხეს. გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ალეკო ელისაშვილი მათზე თითის გაშვერით პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს. ბოკერიას თქმით, თუკი "მოქალაქეების" ლიდერი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ოპოზიციის ერთობას ვერ დააზიანებს.

განცხადებების დროს ერთმანეთის მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენა ურჩიეს კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. ოპოზიციურ ფლანგზე  დაპირისპირებას დამაზიანებელ პროცესად აფასებენ პოლიტიკურ ძალებში და ამბობენ, რომ ოპოზიცია ერთიანია ვადამდელი არჩევნების საკითხში, რის გარეშეც შეთანხმება ვერ შედგება.

"გირჩში" ამბობენ, რომ ელისაშვილის მოთხოვნები მათთვის მისაღებია. თუმცა "გირჩი" საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ყველა მომდევნო არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას დათანხმდება. კომპრომისის შემთხვევაში "გირჩები" დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად პარლამენტში შესვლაზე სხვა პარტიების წევრებსაც დაითანხმებენ.

 

დღის ამბები