29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
მომხრე ვარ, რომ ყველანაირი პოზიციები, რომელიც ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, გასაჯაროვდეს - ხატია დეკანოიძე

ამ წუთებში ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს - ეს არის ბოლო შეხვედრა იქამდე, ვიდრე ხვალ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით დიალოგის მე-5 რაუნდი შედგება. უცვლელი მოთხოვნებით და შეცვლილი ტონით, ისევ ერთიანი ოპოზიციის გაერთიანებაში შემავალი პარტიები აანონსებენ, რომ თუ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე იმის მომხრეა, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით გასაჯაროვდეს.

"მომხრე ვარ იმისი, რომ საერთოდ ყველანაირი პოზიციები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, მათ შორის მოლაპარაკებებზე და ასევე "ქართულ ოცნებას", გასაჯაროვდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ ახლა შევიკრიბებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და რეალურად ვიმსჯელებთ ზუსტად ამ საკითხზე, საკითხი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს "ქართული ოცნება" კვლავ შანტაჟის ენით საუბრობს. საარჩევნო სისტემის ნამცეცები ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და ახალი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ან მივიდეთ, რაღაც გზა ვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სანამ შეთანხმება არ შედგება, "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლას არ აპირებს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაიშალოს.

"ხვალ 11 საათზე, სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მედიაციით, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება. საერთო ოპოზიციურ პოზიციებზე უნდა შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით - ამაზე ვიმსჯელებთ. სანამ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ - "სტრატეგია აღმაშენებელი" მომხრე ვართ შეთანხმების, მომხრე ვართ შეთანხმებაში მონაწილეობის და არა ვართ მომხრე შეთანხმებების ჩაშლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება არ ჩაიშალოს. არ ვაპირებ არავის განრიგზე აწყობას - ყველამ კარგად გაიგოს. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ჩემს მოსაზრებას გავუმხელ ჩემს თანაპარტიელებს და ისე ვიმოქმედებ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები