29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
მე შემიძლია არაერთი რამე ჩამოგითვალოთ, რომელიც იქნება ვადამდელი არჩევნების საპირწონე - ზურაბ ჯაფარიძე

არსებობს თუ არა რიგგარეშე არჩევნების საპირწონე საკითხები "გირჩისთვის" და ეთანხმება თუ არა გაყოფილი "გირჩის" ერთი ლიდერი მეორეს ამ საკითხთან დაკავშირებით - ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ რიგგარეშე არჩევნები "გირჩისთვის" არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სხვა პარტიებისთვის, "ღამის კურიერის" ეთერში ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით,  არსებობს საკითხები, რომელსაც ის რიგგარეშე არჩევნების საპირწონედ მიიჩნევს:

"მე შემიძლია არაერთი რამე ჩამოგითვალოთ, რომელიც იქნება ამის საპირწონე, მაგრამ ყველა ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების დათმობა, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის რესურს კი არა, მზაობას, რომ ივანიშვილმა რამე მნიშვნელოვანი დათმოს, მოლაპარაკების მაგიდაზე ასეთი რაღაცები არ დევს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ის საკითხები, რომელზეც ახლა არის საუბარი, ბუნებრივი ბარიერის დატოვება, თვითმმართველობის არჩევნების ახალი პრინციპით ჩატარება - მნიშვნელოვანი საკითხებია, თუმცა არა იმდენად, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა გადაწონოს.

წარმოდგენილი იქნა თუ არა ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან მოლაპარაკებაზე ის საკითხი, რომელიც მისი შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ალტერნატივა შეიძლება იყოს. წამყვანის ამ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ასეთი თემა მოლაპარაკების საკითხი არის, თუმცა შეთანხმება მიღწეული არაა:

"მოლაპარაკების საკითხი არის, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არაა. კონკრეტულად მაგ თემაში არ მაქვს ოპტიმიზმი სამწუხაროდ, მაგრამ ვნახოთ. ოპოზიციური სპექტრში სხვადასხვა პარტიებისთვის არსებობს სხვადახვა წითელი ხაზები, საბოლოო ჯამში, ჩემთვის რაცაა მნიშვნელოვანი, არის რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი. ის შეჯერებული პაკეტი, რომელიც ჩვენ მივიტანეთ მოლაპარაკებაზე, იქ არის საკითხები, რომელიც ერთი პარტიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც საკითხები მეორესთვის არის მნიშვნელოვანი და ეს არის რაღაცა ჯამი, სხვადასხვა პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც შეჯერდა და ერთ სიად გადაიქცა," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები