29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ისტორიული დღე მსოფლიოსთვის - ბრიტანეთში 2 ადამიანი კორონავირუსის ვაქცინით უკვე აიცრა, მათგან ერთი - 81 წლის უილიამ შექსპირია

ისტორიული დღე ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის - 90 წლის მარგარეტ ქენანი პირველი ადამიანია, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო, "ბიოტექისა" და "ფაიზერის" მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო, ხანდაზმული ქალი აცხადებს, რომ ბედნიერია, რადგან შობას ოჯახთან ერთად შეხვდება.

მეორე ადამიანი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, არც მეტი არც ნაკლები - 81 წლის უილიამ შექსპირია. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას, ყველა მეცნიერს, რომელმაც ვაქცინაზე იმუშავა, მადლობა გადაუხადა.

ვაქცინაციის პარალელურად მკაცრდება რეგულაციები, გერმანია, ლიეტუვა, საბერძნეთი და დანია უკვე დაწესებულ შეზღუდვებს არასაკმარისად აფასებენ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, უმკაცრესი რეგულაციების გარეშე ქვეყანა ზამთარს მშვიდად ვერ გადაიტანს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა ლიეტუვაშიც. საბერძნეთში სკოლები, სასამართლოები და რესტორნები 7 იანვრამდე არ გაიხსნება. დანია შეზღუდვებს ხვალიდან გაამკაცრებს, 98 რეგიონიდან 38-ში დაიკეტა ბარები, რესტორნები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს,რომ პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

 

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები