29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
გიგი უგულავა ოპოზიციის მოთხოვნებზე - "ეს არის ერთიანი პაკეტი, მოთხოვნები ცალ-ცალკე არ განიხილება"

"ლელოს" ოფისში ამ წუთებში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. უკვე ნახევარი საათია ლიდერები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები. ლიდერებმა თქვეს, რომ არის ახალი საკითხები,არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ისინი ეცდებიან ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში ორმხრივი კომპრომისია საჭირო.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე არ განიხილება, რომ ეს არის სრული პაკეტი.

"ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის ცესკო-ს სრული რეფორმა, ხაზს ვუსვამ ეს არის ერთიანი პაკეტი, ცალ-ცალკე არ განიხილება და - რიგგარეშე არჩევნები. ცესკო-ს სრული რეფორმა მის გარეშე, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება, პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოვიდა რიგი ახალი საკითხები, რომლებზეც აუცილებლად იმსჯელებენ.

"რა თქმა უნდა არის ახალი საკითხები, რომელიც შემოვიდა განსახილველად და ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ჩამოვყალიბდეთ ოპოზიციის საერთო პოზიციაზე," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს ეძებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გამოსავალი ვერ იქნება ისეთი, როგორიც "ქართულ ოცნებას" სურს.

"კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ, ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია ვერ იქნება ისეთი, როგორიც "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც იმისათვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესასვლელად რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გამოსავალია. მისი თქმით, სხვა ვერანაირ შემთხვევაში ენმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში ვერ და არ შევა.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში შემავალი მრავალი პარტიისა და სხვადასხვა მოსაზრებებისა ოპოზიცია აქამდე ახერხებდა საერთო პოზიციაზე შეჯერებას და იმედოვნებს, რომ ეს დღესაც მოხერხდება. ის ფიქრობს, რომ ორმხრივი კომპრომისია საჭირო.

რაც შეეხება "ლელოს", პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც ქართველი ხალხისთვის და ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება - მისი თქმით, საუბარია სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებზე.

დღის ამბები