29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"კურიერმა" ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების ჩვენებები მოიპოვა

"კურიერმა" ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების ჩვენებები მოიპოვა. 3 ჩვენებიდან ერთი არის საქმის მთავარი მოწმის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენება, რომელიც გამოძიებას უყვება გარდაცვლილთან შეხვედრის და დიალოგის შინაარსს. 

გარდაცვლილი თეოდორე გობეჯიშვილის დეიდის ჩვენების მიხედვით, 2020 წლის 7 ნოემბერს, როგორც თეოდორე გობეჯიშვილმა საკუთარ მეუღლეს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, აკაკი კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა.

ჩვენების მიხედვით, გობეჯიშვილი სახლში დილის რვის ნახევარზე, საკმაოდ დაძაბული და განერვიულებული დაბრუნდა და დეიდას უთხრა, რომ ქრთამი შესთავაზეს. როგორც დეიდა იხსენებს, თეოდორე გობეჯიშვილმა ამის შემდეგ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა, მოგიანებით კი დეიდამ ის დივანზე გარდაცვლილი ნახა. 

"2020 წლის 7 ნოემბერს შუაღამის სამის ნახევარზე თეოდორე გობეჯიშვილმა საკუთარი მეუღლის სატელეფონო ზარს, რამდენიმე ცდის შემდეგ უპასუხა და უთხრა, აკაკი კობალაძის სახლში იმყოფებოდა და მალე დაბრუნდებოდა. თუმცა სახლში დილის რვის ნახევარზე მოვიდა. მისაღებ ოთახში დავხვდი. დივანზე ჩამოჯდა, ეტყობოდა, რომ დასტრესილი იყო, დაღლილი, განერვიულებული. მითხრა, ფული შემომთავაზესო, რაზეც მე ვკითხე, მერე რა ქენი-მეთქი და თეოდორემ მიპასუხა, უარი ვუთხარიო. შევატყვე, რომ საუბრის გაგრძელება აღარ სურდა და დამატებით აღარაფერი მიკითხავს. ცოტა ნასვამი იყო და იქვე დივანზე, ტელევიზორის ყურების დროს, ჩაეძინა. მოგვიანებით როდესაც შევხედე მისი სახის ფერი არ მომეწონა, გავაღვიძე მაგრამ უშედეგოდ. მომენტალურად სასწრაფო დახმარება გამოვიძახე, მაგრამ როდესაც ექიმები მოვიდნენ, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ,“ - წერია ჩვენებაში.

"კურიერმა“ საქმის სხვა მთავარი მოწმეების ჩვენებებიც მოიპოვა. მათ შორის არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ თეოდრე გობეჯიშვილმა მას უთხრა, რომ იყო ძალიან შეშინებული და ეუბნებოდა, რომ შესთავაზეს თანხა და სანაცვლოდ მოსთხოვეს ხმაურიანად წასულიყო სამსახურიდან. წასვლის მიზეზად კი უნდა დაესახელებინა ტყუილი ფაქტები. 

"2020 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 01:05 საათზე კუთვნილ მობილურ ტელეფონზე "ვოთსაფის" საშუალებით დამირეკა ჩემმა თანამშრომელმა თეოდორე გობეჯიშვილმა. მე მის ზარს ვერ ვუპასუხე და დაახლოებით ხუთ წუთში გადავურეკე. ვკითხე თუ რა ხდებოდა. საპასუხოდ, გობეჯიშვილმა საკმაოდ აღელვებული ტონით მთხოვა შეხვედრა. მითხრა, რომ ის და ზაალ ზაალიშვილი ერთად იყო. მე ვუპასუხე, რომ ვიმყოფებოდი სამსახურში, დიღომში, ცესკოს ცენტრალურ ოფისში და სალაპარაკოდ იქ მოსვლა შევთავაზე, რაზეც თეოდორე გობეჯიშვილმა მითხრა, რომ ჯობდა შეხვედრა მეორე დღისთვის გადაგვედო. თუმცა, დასრულების ნაცვლად გააგრძელა საუბარი და მითხრა, რომ "აკადრეს უკადრებელი" და ის არაფერ მსგავსს არ ჩაიდენს.

იყო ძალიან შეშინებული და მეუბნებოდა, რომ შესთავაზეს თანხა და სანაცვლოდ მოსთხოვეს ხმაურიანად წასულიყო სამსახურიდან. ასევე, წასვლის მიზეზად დაესახელებინა ტყუილი ფაქტები. ვცადე გამერკვია, ვისზე საუბრობდა, ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც მასთან კომუნიკაცია დაამყარა. მიპასუხა, რომ მას ყოფილი თანამშრომელი და მეგობარი აკაკი ხუსკივაძე დაუკავშირდა. სხვა ჩემთან საუბარში არ უხსენებია, თუმცა ზოგადად, მრავლობით რიცხვში ილანძღებოდა და ამბობდა ისეთი რამ შემომთავაზეს, რაც არ უნდა ექნათო.

თეოდორეს ადრე ჩემთვის მსგავსი პრობლემის გამო არ მოუმართავს. ამ შემთხვევაში ჩემთან დარეკვის მიზეზი კი იყო ის, რომ მე მისი ერთადერთი ხელმძღვანელი ვიყავი და გადაწყვიტა, დროულად ჩავეყენებინე საქმის კურსში. დავამატებ იმასაც, რომ 2020 წლის 7 ნოემბერს დამიკავშირდა ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომელი და მითხრა, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნები თანხის სანაცვლოდ ხუსკივაძემ მასაც წაუყენა.“ - წერს ჩვენებაში. 

საქმის მთავარი მოწმედ ითვლება ზაალ ზაალიშვილი, რომლის ჩვენებაც "კურიერმა" მოიპოვა. 

"2020 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 15 წუთზე დამიკავშირდა თეოდორე გობეჯიშვილი და შეხვედრა მთხოვა. მითხრა რომ სერიოზულ საკითხზე სურდა საუბარი. მე ამ დროს ვიმყოფებოდი რუსთავში სამსახურებრივ საქმეზე. შემომთავაზა, რომ ჩამომაკითხავდა საკუთარი ავტომობილით. ჩამომაკითხა, ჩანდა საკმაოდ აღელვებული, დაძაბული. მითხრა რომ სერიოზული საქმე ჰქონდა, თუმცა მარტო არ ვიყავით და საუბარს ვერ ახერხებდა. დაახლოებით 20 საათზე წამოვედით თბილისში. მალევე ავედით მის საცხოვრებელ სახლში სადაც რამდენიმე ჭიქა ვისკი დავლიეთ. 23 საათსა და 30 წუთზე დავტოვეთ მისი ბინა, თეოდორე გამომყვა და მითხრა, რომ დაახლოებით 16 საათზე მას შეხვდნენ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შესთავაზეს 50 ათასი დოლარი, რის სანაცვლოდაც ის ხმაურით უნდა წასულიყო ისნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიიდან და მასმედიის საშუალებებით უნდა განეცხადებინა, ეცრუა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ხუსკივაძემ და კობალაძემ უთხრეს რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მსგავს მოლაპარაკებების საარჩევნო კომისიების სხვა წევრებთანაც აწარმოებდნენ.

შეთავაზებაზე გობეჯიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა და ყოფილ მეგობრებს აუხსნა, რომ ეს იყო უკანონო ფაქტი. გობეჯიშვილმა მიამბო, რომ უარის შემდეგ, მას კობალაძე და ხუსკივაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპატიმრებით და ოჯახის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ,"-წერია ჩვენებაში. 

დღის ამბები