29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
"ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მიტროპოლიტი გრიგოლი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა ჟუნალისტებთან კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით მსოფლიოს რთული პერიოდი უდგას და პანდემიის მნიშვნელობაც საგულისხმოა და იმედოვნებს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდება.

რაც შეეხება ტაძრებში წირვას, ღვთისმსახურება გარკვეული შეზღუდვებით ტარდება, საყოველთაოდ ცნობილი უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით, მსახურების შემდეგ კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაძარში სალოცავად შევიდეს.

რაც შეეხება ღვთისმსახურებაში რაიმე განსხვავებული წესის შეტანას, მიტროპოლიტის თქმით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.

"ჩვენ, რაც დადგენილი არის, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყოს ადამიანები, მათ შორის - სასულიერო პირები.

აგერ, შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს.

ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არარაერთი არ არის ორი და ათი და ასი, უამრავი ადამიანია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა და თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. 

ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი ამ ეტაპზე. მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ვნახოთ, ცხოვრება ხომ იცით როგორი არის, გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაში, ის რომ სასულიერო პირები ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია.

სხვაგანაც ვიცი, იგივე ევროპის ქვეყნებში რა მდგომარეობაც არის და ამჯერად უკვე დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

დღის ამბები