29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
პანდემიის მესამე ტალღის ასაცილებლად ევროკავშირი ახალ რეგულაციებზე მუშაობს - მკაცრდება სადღესასწაულოდ ზომებია

ევროპა მოახლოებულ დღესასწაულებს უჩვეულოდ, კარანტინისა და მკაცრი რეგულაციების დაცვით შეხვდება. იმისათვის რომ კონტინენტმა პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს, ევროკავშირი ახალ რეგულაციებზე აქტიურად მუშაობს. ევროპული გაერთიანება კორონავირუსთან ეფექტურად გამკლავების გზად კოორდინირებულ მუშაობას მიიჩნევს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაერთიანებაში შემავალ სახელმწიფოებს საახალწლოდ ზომების ერთობლივად გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ევროკავშირის საერთო მოწოდებას უერთდება პორტუგალია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. შეზღუდვები კი იანვრამდე გახანგრძლივდება. პორტუგალიაში ნაწილობრივი ლოკდაუნია. მოქმედებს კომენდანტის საათი.

სადღესასწაულოდ რეგიონებს შორის გადაადგილება აიკრძალება იტალიაში. წითელ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა აკრძალულია. კომენდანტის საათი ახალი წლის დღეებშიც შენარჩუნდება ესპანეთში. რეგიონებს შორის მიმოსვლა დაშვებული მხოლოდ ოჯახის წევრებთან სტუმრობის შემთხვევაში იქნება. შობამდე მასობრივ ტესტირებას იწყებს ავსტრია.

ეპიდვითარება დამძიმდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ინფექცია 231 ათას ამერიკელს დაუდასტურდა . ეპიდემიოლოგები სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ, რადგან ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები.

სახელმწიფოების უმეტესობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შობამდე ვარაუდობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება უკვე დაწყებულია რუსეთში. ვაქცინის შესახებ საზოგადოებაში არსებული ოპტიმიზმის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის არსებობა ნულოვან კოვიდს არ უდრის.

პანდემიამ ჯანდაცვის სფეროს გარდა კრიზისის წინაშე ეკონომიკაც დააყენა. გაეროს განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოში, რეკორდულად გაიზარდა ფასები სურსათზე და განსაკუთრებით მოიმატა სიღარიბის დონემ. მსოფლიო მოსახლეობის ყოველი 33-ე ადამიანი შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს.

დღის ამბები