დაკავებულები, რომლებიც ბიზნესმენს 10000 დოლარს "ქურდული სამყაროს" ე.წ "ობშჩიაკისთვის" სძალავდნენ ნიკო ბაჯალაძე და დავით ხვიტია არიან. ისინი ჩერქეზიშვილის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში მაშინ დააკავეს, როდესაც დაზარალებული მათ თანხის ნაწილს აძლევდა.
დაკავებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა ბრალს არ ეთანხმებიან, არ არის გამორიცხული წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, დაკავებულების ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულების კავშირს ე.წ "ქურდულ სამყაროსთან".
ბრალდებულები ზუგდიდში ცხოვრობდნენ, მათ კავშირს ე.წ "ქურდულ სამყაროსთან" გამორიცხავენ მისი მეზობლებიც, რომლებმაც დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიით გაიგეს. "კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის სახლშიც მივიდა თუმცა კამერებთან გამოჩენა არავინ ისურვა.
ნიკო ბაჯალაძეს და დავით ხვიტიას ბრალი ორი მუხლით- იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ე.წ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა მანამდე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა. მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე იმსჯელებენ.