29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციას ისევ თამაზ (გეგა) გეგეშიძე უხელმძღვანელებს - "რუსთავი2-ის" ექსკლუზივი ძველ თანამდებობაზე ახლიდან არჩეულ პრეზიდენტთან

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ისევ თამაზ (გეგა) გეგეშიძე აირჩიეს, რომელსაც სპორტსმენების ნაწილი კორუფციაში ადანაშაულებს. გეგეშიძე, რომელიც ხმაურიანი აქციების მიზეზი არაერთხელ გახდა, ძველ თანამდებობას დღეიდან ისევ ოთხი წლით დაიკავებს. არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხმის მიცემამ დღეს ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

როგორც "რუსთავი2-თან" საუბრისას გეგეშიძემ განაცხადა, მის წინააღმდეგ ბრალდებები აბსურდულია და ლოგიკაში არანაირად არ ჯდება:

"ადამიანები, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ გეგეშიძე არის ბანდიტი, ყაჩაღი, კორუმპირებული, თურმე საერთაშორისო ტურნირებზეც ვაშინებ ხალხს და მედლები ისე ჩამოგვაქვს. ლოგიკაში სადღაც რამე ხომ უნდა ჩაჯდეს. ზოგი იძახის 1.8 მილიონი შეჭამა, როგორ უნდა შევჭამო, სამინისტრო გვიმტკიცებს და ყველაფერს დეტალურად სამინისტროსთან ერთად გავდივართ," - აცხადებს თამაზ გეგეშიძე.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება საჭიდაო დარბაზების გარემონტება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გეგეშიძემ ხაზი გაუსვა რეგიონებში ჭიდაობის ხელშეწყობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მოჭიდავეების მთავარი ბირთვი სწორედ რეგიონებიდან მოდის.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე თამაზ გეგეშიძის საქმიანობას წარმატებულად აფასებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და იმედოვნებს, რომ მოჭიდავეების მიერ მედლების მოპოვება მომავალშიც გაგრძელდება.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები