ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ქვეყანაში არსებული არაპიკური კოვიდის პერიოდის გამოყენება ვერ შეძლო. რატომ ვერ გამოიყენა აღნიშნული პერიოდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ "დღის კურიერის" წამყვანის კითხვას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პასუხობს.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდება არასწორია და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემამ, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გამოიყენა ეს პერიოდი, ვინაიდან ქვეყანას ეკონომიკური რესურსები შეზღუდული აქვს სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით.
"მე ამ საკითხში ვერ ვეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ აზრს ავითარებენ, ან ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე ვერ ვეთანხმები.
ჯერ ერთი, დავაზუსტო მინდა, რომ ესენი ძალიან ბევრნი, არ არიან კეთილგანწყობილი ადამინები პრობლემის და ქვეყნის მიმართ, რომლებიც ამცირებენ სახელმწიფოს და ექიმების როლს იმ 7 თვიან წყნარ პერიოდში, როდესაც საქართველოში იყო ძალიან კარგი მდგომარეობა და ეს ერთგვარ ღვთის საჩუქრად უნდათ წარმოაჩინონ, რომ ეს დაბალი რიცხვი ავადმყოფების და გარდაცვლილების ჩვენი დამსახურება კი არ იყო, არამედ ეს ბუნებამ გვაჩუქა ეს საჩუქარი და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.
შევთანხმდეთ ერთ რამეზე, არავის არაფერი არ უჩუქებია. შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ქვეყანა ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა გაზაფხულსა და ზაფხულში პირველი პიკი. ტყუილია ის, რომ რომელიღაცამ შეგნებულად დაუშვეს პირველი პიკი, რომ შემდეგ შეერბილებინათ მეორე პიკი შემოდგომაზე. ეს არის სიცრუე, რაც თუნდაც იმით დასტურდება, რომ იმ ქვეყნებმა ვერც მეორე პიკი ვერ აიცილეს თავიდან.
არ არის სწორი ბრალდება ჯანდაცვის სისტემის მიმართ იმაში, რომ მან ეს პერიოდი ვერ გამოიყენა. იქნებ შევარბილოთ ტერმინი და ვთქვათ, რომ ბოლომდე ვერ გამოიყენეთ, და არა საერთოდ.
რომც გამოგვეყენებინა უფრო უკეთ, ყველა ქვეყანას აქვს რაღაც რესურსი და ზღვარი. საქართველო პატარა და განვითარებადი ქვეყანაა, მისი ეკონომიკური რესურსები შეზღუდულია შეუდარებლად იმ ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით და ასევე სუსტია ქვეყნის ჯანდაცვაც ზოგადად, მე არ ვამბობ კოვიდში.
დაახლოებით 3 თვე გქონდა მოსამზადებლად. 3 თვეში ყველაფერი თითქმის ნულიდან მოამზადო იდეალურად - ეს სათქმელად არის მხოლოდ ადვილი, თორემ ნეტავ რომელიმე ის ექსპერტი, რომელიც ამას ამბობს, მათ მართლა ჰგონიათ თვითონ რომ ყოფილიყვნენ ისინი მართლა უკეთესად მოემზადებოდნენ?
მეორე ის, რომ არ იყო ასეთი მაღალი რიცხვის პროგნოზი, პროგნოზში შევცდით, ყველა ცდება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.