29 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
სახელი და რეპუტაცია, რომელსაც წლობით ვაშენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ შეგილახონ - ნოე სულაბერიძე ყალბი ვიზების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზების დამზადების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე ეხმაურებიან. როგორც ისინი ამბობენ, დანაშაულის შესახებ მათთვის ინფორმაცია მოულოდნელი იყო.

შტატების ყალბი ვიზების დამზადების ფაქტის გახსნაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გასაჯაროვდა ფარული ჩანაწერიც, სადაც ბრალდებულები ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელებს ახსენებენ. 

"სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან მეგობარმა რომ დამირეკა, ხუმრობა მეგონა, იმიტომ, რომ არ მგონია დღეს ეგეთი რაღაც შეიძლება ხდებოდეს. თუმცა ფაქტი ძალიან მრუდეა ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომელსაც წლობით ვაშენებთ ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ შეგილახონ და ამისთვის მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა,“ - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

"არ ვუყურებდი სერიოზულად, სახუმარო თემაც იყო, რომ მე მიმყავდა ვიღაც ადამიანები ამერიკაში. ვიღაცამ მომწერა ინსტაგრამზე, რომ ამერიკაში მიგყავთ თურმე ვიღაც, ერთია, რომ ეს ადამიანი აკეთებდა საშინელებას. თან ჯერ არ ვიცი რა დაადგინა გამოძიებამ, რა მოხდა, ვინ დაიკითხა, რა დაიკითხა. საინფორმაციოებით ვიცი,“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული, ჯიმი მაქაცარია, მომღერალ გია სურამელაშვილის და ეკა კვალიაშვილის ღონისძიებების მენეჯერიც იყო.

"აკეთებდა უამრავ კონცერტებს, საქველმოქმედოებს, ვმღეროდით, პირადი კონცერტებიც გაუკეთებია ჩემთვის და ჰონორარიც გადაუხდია და ა.შ. ადამიანს სახლიც არ აქვს, ნაქირავებში ცხოვრობს, ავადმყოფი დედა ჰყავს, ორი შვილი ჰყავს, არც მანქანა ყავს და თუ ეს მართლა ხდებოდა, სად მიჰქონდა ეს ფულები. გაოგნებულები ვართ ყველა,“ - ამბობს გია სურამელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არის ისეთი ჩანაწერიც, რომელიც კითხვებს სხვა პირებთან მიმართებაშიც აჩენს. რა კავშირშია ნოე სულაბერიძე და გია ჯაჯანიძე დანაშაულთან- მათ სახელებსა და გვარებს ბრალდებულები ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა ფარულ ჩანაწერში ახსენებენ. სწორედ სულაბერიძისა და ჯაჯანიძის დახმარებით სთავაზობს დაკავებული დაზარალებულს ამერიკაში უკანონო გზით მოხვედრას. მომღერალს და პროდიუსერს ჯიმი მაქაცარიას და სოფიო ჩაგანავას ბრალი უკვე წარედგინათ. 

დღის ამბები