29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
მე პარტია არ დამიტოვებია, ვრჩები "გირჩის" ლიდერად - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" ლიდერად რჩება. მან გუნდში არსებულ უთანხმოებაზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის შემდეგ საჯარო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ზურაბ ჯაფარიძე მიზეზებზე ისევ არ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს "გირჩში" საქმიანობას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად.

"მე "გირჩი" არ დამიტოვებია. პარლამენტში შესვლა-არ შესვლა, საერთოდ, საკითხი არ არის. პარტია არ ვარ მე, არ არიან სხვა ადამიანები. ვინ იქნება "გირჩში", მაგას გადაწყვეტენ "გირჩის" მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული "გირჩში". ვრჩები "გირჩის" ლიდერად.

"ჩვენი გზები გაიყო" ნიშნავს, მიწერია კიდეც, რომ მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ "გირჩის" და ამ საქმის კეთებას. არ ვიცი, რამდენად არის ულტიმატუმი - მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ერთად საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

დღის ამბები