29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
კობა დავითაშვილის პოლიტიკური გზა - ყოფილი დეპუტატი მისი მდგომარეობის დამძიმებას 7 ნოემბერს მასზე განხორცილებულ ფიზიკურ ძალადობას უკავშირებდა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კობა დავითაშვილს ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა, რომელიც 2017 წელს დაუდგინდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
კობა დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი ​პოლიორგანული უკმარისობა გახდა , მას სეფსისი და სეპტიური შოკი განუვითარდა.
"ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელშიც კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა.

კობა დავითაშვილი პარლამენტში პირველად 1999 წელს "მოქალაქეთა კავშირის" სიით მოხვდა. თუმცა 2001 წლიდან ის ოპოზიციაში გადავიდა და რეფორმატორებს შეურთდა, სადაც მისი და მიხეილ სააკაშვილის გზებიც გადაიკვეთა. დავითაშვილი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის რომლებიც ვარდების რევოლუციის დროს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებთან ერთად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 2004 წლის მოწვევის პარლამენტში კი ის უკვე პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან" შევიდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების გამო საპარლამენტო უმრავლესობა მალე დატოვა. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კობა დავითაშვილი, საარჩევნო ბლოკ "დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის" სახელით თბილისის მერობისთვის იბრძოდა. "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის შემდეგ კობა დავითაშვილმა ზვიად ძიძიგურთან ერთად კონსერვატიული პარტია ჩამოაყალიბა.

2011 წელს კობა დავითაშვილი "ქართული ოცნების" კოალიციას შეუერთდა და 2012 წელს მეოთხედ გახდა დეპუტატი. შემდეგ იყო კვლავ აზრთა სხვადასხვაობა თანაგუნდელებთან და საბოლოოდ კობა დავითაშვილი მმართველ გუნდს გაემიჯნა.

სიცოცხლის ბოლომდე კობა დავითაშვილი ამტკიცებდა, რომ დიაგნოზი, რომელსაც ის წლების განმავლობაში ებრძოდა, სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარმა თავდასხმამ გამოიწვია. პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებდა, თუმცა ამ საქმეზე 2016 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით ბრალი დაუსწრებლად ზურაბ ადეიშვილს წარედგინა. ასევე, პასუხისგებაში მიეცნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე. თავად კობა დავითაშვილი სასამართლოზე ყვებოდა, რომ მას სამხედრო ფორმაში ჩაცმული ათამდე პირი ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდა. სასტიკად ნაცემი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა.

დღის ამბები