29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
შესაძლო დათმობები ოპოზიციის მხრიდან და მმართველი პარტიის სავარაუდო შეთავაზებები - პარლამენტის პირველ სხდომამდე ერთი კვირა რჩება

"კურიერის" ინფორმაციით, მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული შეთავაზებით მივა. საუბარია 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნების სისტემის ცვლილებაზე, რაც საკრებულოების დაკომპლექტებისას მეტ პროპორციულობას და მაჟორიტარული კვოტების შემცირებას გულისხმობს. რამდენად მისაღები აღმოჩნდება "ქართული ოცნების" წინადადება ოპოზიციისთვის უცნობია.

ლიდერები ადასტურებენ, რომ კომპრომისულ ვარიანტს ელოდებიან. იმაზე თუ რა საკითხზე შეიძლება შეთანხმება ხელისუფლებასთან, "ლელოს" ოფისში აზრთა სხვადასხვაობა დღესაც იყო. პარტიებში ადასტურებენ რომ მწვავედ იკამათეს, თუმცა საერთო პოზიციით ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრისთვის მზად არიან.

უფრო კატეგორიულები არიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", სადაც საკანონდებლო თანამშრომლობის შანსს "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ ახალი არჩევნების შემთხვევაში ხედავენ. დღეს საკუთრ კომპრომისად გიგა ბოკერიამ რიგგარეშე არჩევნებზე მმართველი გუნდის თანხმობა დაასახელა, რის სანაცვლოდაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლა მოუწევს.

რიგგარეშე, ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს ქართულ ოცნებაში კატეგორიულად გამორიცხავენ. მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ შეთანხმება მაინც შედგება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები საბოლოოდ ოფიციალურად გამოცხადდა, უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩაინიშნოს, სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი სახელდება - მხარეებს მოლაპარაკებისათვის ზუსტად ერთი კვირა რჩებათ.

დღის ამბები