29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ჩემთვის ეს ვიდეოკამერაა - მიტროპოლიტ ნიკოლოზს ხვალ Iphone 12-ს გადასცემენ

ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მას აიფონი საკუთარი ქადაგების ჩაწერისთვის და youtube-ზე ასატვირთად სჭირდება.

მისი თქმით, ასე თავიდან იცილებს თავისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციებს.

"თავდასხმას ადგილი აქვს და კულმინაციამ მიაღწია მაშინ, მარტვილში ორმა ჟურნალისტმა წირვა რომ გაგვაჩერებინა. მე იძულებული გავხდი მეფიქრა, რა შეიძლება ამას წინ დავუყენო. გადავწყვიტე, გადამეღო. ყოველი წირვის მერე მოდიან ჟურნალისტები, იღებენ და ვისაც როგორ უნდა ისე აშუქებს. იცით როგორ აშუქებენ? მე ვამბობ რაღაცას, ჟურნალისტი ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა ესა და ეს, რაც მე არ მითქვამს. მერე აჩვენებენ ჩემს ნათქვამს და პირიქით ატრიალებდნენ. ისეთი რაღაცაც მოხდა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი აჩვენებს, რომელიც მე მგავს სახეზე და იმან სხვა რაღაც თქვა.

ბოლოს მოვიფიქრე გადამეღო ტელეფონით და გამომექვეყნებინა ჩემ იუთუბ არხზე. 

ბოლოს რომ ვიყავი ტელეეთერში, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა, ეს არის იარაღი თუ კარგად გამოიყენებ, კარგი იარაღი, თუ ცუდად - შეიძლება მოკლა ადამიანი. ეს არის თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მე მაქვს ეს და ეს არ არის ბოლო მოდელი-მეთქი. კი არ ვიცოდი, რომ აიფონ 12 არ ყოფილა ჯერ გამოსული და ზუსტად 2 კვირაში იყო ამერიკაში ამ აიფონ 12-ის პრეზენტაცია. მაღაზიებში დაიწყეს რეკვა და ისეთი რიგი დადგა, ამათ მოუწიათ ახალი პარტიის გამოწერა. ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ისეთი კარგი რეკლამა გაგვიკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა, რომ აიფონ 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. ხვალ პირველ საათზე გადმომცემენ. მე ვთქვი, რომ რადგან გადმომცემთ მეთქი, ბარემ გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია და მე ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ეს აიფონი. ამას აქვს სამი კამერა. ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ჩემთვის ეს არის ვიდეოკამერა და ჩემთვის ეს პროფესიაა ერთ-ერთი, მე ჩემი პროფესიით კინემატოგრაფიასთან მაქვს პირდაპირი შეხება,"-განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

დღის ამბები