ბათუმში "ოცნების ქალაქის" მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ადგილზე 582 ბინა უნდა აშენდეს და სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდა, მან მოსახლეობას მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ სამუშაოები წელიწადსა და ექვს თვეს გაგრძელდება, ამავე ტერიტორიზე აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია.
"აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების, რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა ამ ბავშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია და აქ აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი დღეს, ისევე როგორც აჭარის მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - ამ ბავშვებისთვის და ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება. გილოცავთ კიდევ ერთხელ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.