ამერიკის ელჩმა, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს, დუმილი დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ დაარღვია. რობინ დანიგანის სახელით განცხადება შტატების წარმომადგენლობამ გაავრცელა. საელჩომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დააბრუნოს ქვეყანა ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე და გადადგას ნაბიჯები დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად. ამერიკის ელჩი საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.
რობინ დანიგანის განცხადებამდე იყო პაველ ჰერჩინსკის კომენტარი. ევროკავშირის ელჩმა პრემიერ-მინისტრის მიმართვას სამწუხარო უწოდა. დიპლომატის თქმით, ევროკავშირს სურს, რომ ქვეყანა მოლაპარაკების გახსნის პროცესში დაწინაურდეს, თუმცა ეს ინტერესი საქართველომ შეაჩერა.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს დღეს შეახსენა, რომ არჩევნებამდე თავად დიპლომატი აკეთებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ამის გამო კობახიძემ ხელისუფლების მხრიდან არც დიპლომატიური რეაგირება გამორიცხა.
პრემიერის მიმართვის შემდეგ, პარტნიორების მოქმედებაზე გადასვლას ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტები. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ განაცხადი გააკეთა, რომ 9 რეკომენდაციას აღარ შეასრულებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პარტნიორების შეფასებები და მოწოდებები ფაქტობრივ გარემოებებს არ ეფუძნება და ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლებას არ შეუჩერებია.
მთავრობის სახელით გაკეთებულ მიმართვას დღეს საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.