29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ზელენსკიმ ქვეყანა ომისთვის არ მოამზადა, საჭიროა მთელი ქვეყნის მობილიზება მოხდეს" - კონგრესმენი ვიქტორია სპარცი

უკრაინული წარმოშობის კონგრესმენი, ვიქტორია სპარცი თვლის, რომ უკრაინამ მთელი ქვეყნის მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

"როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს იმედები გაუცრუა. იცით მან ქვეყანა ომისთვის არ მოამზადა. ის მხარს არ უჭერს თავის არმიას. მას არ უბრძოლია კორუფციასთან მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრეზენტაციები გააკეთა. არ მოამზადა არმია და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად მხარი დაეჭირა საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მამაცურად კვდებიან თავისუფლებისთვის. ეს ყველაფერი მისი ბრალია. სამწუხაროდ, მან ეს ომი მიიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით", - განაცხადა ვიქტორია სპარცმა.

სპარცმა მობილიზაციის ასაკთან დაკავშირებით ისაუბრა და მას ერთ-ერთი სადაო საკითხი უწოდა.

"მათ სჭირდებათ, რომ ქვეყანა სამხედრო რეჟიმზე გადავიდეს. ეს ზელენსკის ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაეკეთებინა, როდესაც ერთ-ერთმა მისმა გენერალმა უთხრა, რომ მათ სჭირდებოდათ უფრო მეტი ახალწვეული რათა მათი გაწვრთნა მომხდარიყო. ასევე, მათ უნდა შეევსოთ იმ ადამიანების რიგები, რომლებიც ომში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ", - განმარტა კონგრესმენმა.

კონგრესმენის განცხადებით, ასეთ მასშტაბურ ომში წარმატების მისაღწევად, უკრაინა ვალდებულია გაიწვიოს ყველა ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, რათა მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საომარ მოქმედებებში.

"მე ვგულისხმობ, რომ ეს ძალიან სერიოზული ომია და უკრაინას შესაბამისი არმია სჭირდება. ამის მიუხედავად, მან გაათავისუფლა თავისი გენერალი, რომელსაც ომის წარმოება სურდა. მან ის ჩაანაცვლა ისეთი ადამიანებით, რომლებიც მარიონეტები იქნებიან და ის ამ ომს სერიოზულად არ აღიქვამს. თუ უკრაინას ომში გამარჯვება სურს ისეთ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია, უკრაინამ მთელი ქვეყანა უნდა გაიწვიოს ომში. როდესაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომს აწარმოებდა, პატარა ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული ყველას შეჰქონდა ომის წარმოებაში საკუთარი წვლილი.

უკრაინას არ შეუძლია რამდენიმე მამაც ახალგაზრდას ნება დართოს დაიღუპოს ყველა სხვა დანარჩენის ნაცვლად და ეგონოთ, რომ ამ მეთოდით შეძლებენ ისეთი დიდი ფულის მქონე, უხეში ძალის შეჩერებას, რომელსაც არ აინტერესებს რამდენი ადამიანი დაიღუპება მიზნის მისაღწევად", - განაცხადა კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა.

დღის ამბები