გერმანიასა და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითხზე. რაც შეეხება გზავნილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს, თუ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ძალიან კარგი წერილია, ჩვენი მეგობრების ერთობლივი წერილია, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის. მხარდამჭერი წერილია და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოს ასეთ მხარდაჭერას. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, აქაც ოპონენტები ცდილობენ, რომ არაფრისგან შექმნან დიდი ამბავი. ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობის ელემენტარული ნორმებია. ვინც გვწერს, იმან უნდა გამოაქვეყნოს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. თუკი გერმანია და საფრანგეთი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნონ მათ," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.