30 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
მამუკა მდინარაძე კონგრესმენ რენდი ვებერის წერილს ჯერ არ გასცნობია, თუმცა კრიტიკულ წერილებში ოპოზიციის გავლენას ხედავს

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვაშინგტონიდან გამოგზავნილ მორიგ წერილს ეხმაურება.  მდინარაძის თქმით, რესპუბლიკელი კონგრესმენის რენდი ვებერის კონკრეტულ წერილს არ გასცნობია, თუმცა ზოგადად კრიტიკას კვლავ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს.

მამუკა მდინარაძემ გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე ოპოზიციის გავლენასაც გაუსვა ხაზი.

"ახალ განცხადებაზე, რომელიც არ ვიცი, თავს შევიკავებ. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, ერთ-ერთი განცხადება იმეორებდა იმ მესიჯს, რომელიც გუშინდელი დღიდან ნაცებმა და მათმა სატელიტებმა დაალაგეს, ეს სამწუხარო ფაქტია იმიტომ, რომ აქაც ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე," - აღნიშნა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერი, ერთ საქმეზე გიგი უგულავას ორჯერ გასამართლების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთი და იგივე საქმეზე სამჯერ გასამართლებაც შესაძლებელია.

"იმდენად სპეკულაციურია ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ გასამართლების თემა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, ერთი და იგივე საქმეზე ადამიანი არა ორჯერ, არამედ სამჯერ სამართლდება, თუ საჩივარი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოდან მეორე ინსტანციაში და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში," - განაცხადა დღეს მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები