30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"დამოუკიდებელი დეპუტატები" იმ 4 პირობას ასახელებს, რომლის სანაცვლოდაც მანდატების 100/50-ზე გადანაწილებას მხარს დაუჭერს   

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ წინადადებას სთავაზობს.

ლევან კობერიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია და ჩიხშია შესული.

"ჯერ ისევ არ ჩანს ნათლად, მიღწევადია თუ არა ფართო კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. 14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად "ქართულ ოცნებას" ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად – ძალაუფლების დასაბრუნებლად.

კამათი, ძირითადად მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც "პოლიტიკურ ვაჭრობას" ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. 

პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას," – აღნიშნავს კობერიძე.

ლევან კობერიძე პოლიტიკურ ძალებს პირობებს უყენებს, რა შემთხვევაშიც მისი ფრაქცია 100/50 მოდელს მხარს დაუჭერს.

"სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, დღეს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც ოთხ ძირითად პუნქტს ეფუძნება:

1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;

2. თუ 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის;

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის; 

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები