30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

მაია ცქიტიშვილმა სტუმარს ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო იმ პროგრამებს, რომელიც საქართველოში ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

"ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ამერიკის ახალ ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. ძალიან აქტიურად გვეხმარება შეერთებული შტატები ჩვენი პროექტების განხორციელებაში, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს USAID-ის პროექტების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე, დეცენტრალიზაციის განვითარების მიმართულებით, მოსახლეობის აქტივობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ასევე გვაქვს კარგი პროექტი და მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით.

საშუალება გვქონდა ელჩისთვის გაგვეცნო ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელიც განხორციელების პროცესშია ან დაგეგმილია და ბუნებრივია, შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან აქტიური. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გველის,"- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სასარგებლო უწოდა და პოზიტიურად შეაფასა კელი დეგნანმა.

"შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ძალზე ინფორმატიული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა მაგალითად კარგი მმართველობის ინიციატივა.

ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა," - განაცხადა კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ.

დღის ამბები