"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი სრულად ლეგიტიმურია.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია შეთავაზებულ 100/50- ზე სისტემას არ დათანხმდება, მაშინ, საპარლამენტო არჩევნები დღეს არსებული მოდელით ჩატარდება.
"აქედან, ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ ის სისტემაც, რომელიც დღეს მოქმედებს. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება ეს, მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება დღეს არსებული 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნით, სრულად შესაბამისია სამართლებრივ პრინციპებთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოდირის დასკვნით ორი მთავარი მესიჯი იკვეთება:
"დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის, მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული, ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე, არის მინიშნება იმასთან დაკავშირებითაც, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში, საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. "- აღნიშნა კობახიძემ.