პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გაიმართა. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატისა და საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.
"შესაძლოა გაიზარდოს ბრალდებულთა რიცხვი, შესაძლოა საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით," - განაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.
ჩოლოიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გაგი მოსიაშვილის თქმით, გამომძიებლის დაკავების აუცილებლობა არ იყო, რადგან ის არსად მიმალვას არ აპირებდა. უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში სავარაუდოდ, დღეს გაასაჩივრებს.