30 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
საკრებულოს უმრავლესობა ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს - გიორგი ტყემალაძე

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ საკრებულოს უმრავლესობის სხდომა გაიმართება და ერეკლე კუხიანიძის საკითხზე იმსჯელებენ, რომელმაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. 

"ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან. ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა და გვექნება კონსულტაციები. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ.

გადაწყვეტილებებზე საუბარი ჩემის მხრიდან უფრო სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონსულტაციები," - განაცხადა ტყემალაძემ. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანის განცხადებით, სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, იმისათვის, რომ კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს.

"არავითარი ემოციებისა და მოსაზრებების გამოხატვის უფლების ფუფუნება არავის არ გააჩნია, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე არის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.

რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას და საკრებულოდ გასვლის მოთხოვნას, არავითარი სამართლებრივი ბერკეტი ჩვენ არ გაგაჩნია, რომ მოვთხოვოთ დეპუტატის მანდატის დატოვება.  მოდით, გაფრინდაშვილი დავიხსნათ და მერე გავარჩიოთ დანარჩენი ყველაფერი," - აღნიშნა დავითულიანმა.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის შეფასებით, გაერკვევა, თუ რამდენად კანონიერია მოთხოვნა, რომ კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს და შემდეგ გააკეთებს საკითხზე კომენტარს. 

დღის ამბები