
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ სასამართლოს "ნულოვანი ნდობა აქვს," განსაკუთრებით შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე.
"სასამართლოს ნულოვანი ნდობა აქვს ყველა იმ საქმეში, რომელსაც ისინი აწარმოებენ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს," - აცხადებს საბა ბუაძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეოა აქუბარდია აცხადებს, რომ სწორედ მსგავსი დანაშაულების გამო შეიცვალა წინა ხელისუფლება.
"მე, როგორც ერთი მოქალაქე ვუპირისპირდებოდი სააკაშვილის დანაშაულებს, ისევე, როგორც იმ ელიტურ კორუფციას, რომელიც იმ პერიოდში იყო გამეფებული საქართველოში. იმ დანაშაულების გამო, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის დროს, მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ჩემი მთავარი ინტერესი, როგორც ერთი მოქალაქის, გახლდათ ის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო ქვეყანაში," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.