საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს პროცესების სწორად მართვისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძის განმარტებით, მათ იციან თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში, თუმცა მათ ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს.
"მადლობა პირადად ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეული პოლიციელს მოთმინებისთვის. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, შს სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტებით. თქვენ ნანახი გაქვთ ფრანგული, ჰოლანდიური, გერმანული და ამერიკული კადრები თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია იქ დაშლის ფორმები და ხშირად დაშლა იღებს დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, მიტინგის დარბევა აბსოლუტურად უცხო მოვლენაა. ყოველ ჯერზე, შს სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით, ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როდესაც მას ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
"ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი თავიდან იქნა არიდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.