02 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
"ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

"ერთი, რაც არის კარგი ამ პროცესებში, სისტემა იწმინდება სხვადასხვა კუთხით და ეს სისტემა, პრაქტიკულად, თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიკვეთა წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა საქართველოში.

"კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან. საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად კონკრეტული საჯარო მოსამსახურეებს, ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მე მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ვართ ჩვენ ასევე გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, მათ შორის გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.

თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მით უმეტეს როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა პირველ რიგში ამისათვის საჭიროა ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და არა ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები