24 ნოემბერი 2024,   10:13
ვრცლად
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამ რეგიონში, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს" - BBC-ის ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BBC-თან ექსკლუზიური ინტერვიუში არჩევნების შედეგების შემდგომ ხმების გაყალბების ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის დროს დარღვევის შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება.

ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, თუ რას ნიშნავდა "პრაგმატული" მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მათთან ურთიერთობა მხოლოდ სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობებით შემოიფარგლება.

რაც შეეხება კითხვას, აპირებენ თუ არა დიპლომატიურ ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან, პრემიერმა განაცხადა, რომ ამაში ძალიან აშკარა დაბრკოლება არსებობს, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

BBC: ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ შედეგები გააყალბეთ და არჩევნები მოიპარეთ.

ირაკლი კობახიძე: ისინი ამას ყოველ შემთხვევაში ამბობენ.

BBC: მაგრამ იყო უამრავი ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ.

ირაკლი კობახიძე: დარღვევები ყველგან, ყველა ქვეყანაში ხდება. თუ გადახედავთ ანგარიშებს, სხვა ქვეყნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებს, ბევრი დარღვევა არსებობს.

BBC: ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ხმის მიცემის დროს დარღვევებზე, არამედ იყო ძალადობაც.

ირაკლი კობახიძე: სულ რაღაც რამდენიმე უბანზე მოხდა ინციდენტი. 3100-ზე მეტ უბანზე გარემო სრულიად მშვიდი იყო.

BBC: თქვენ ისაუბრეთ რუსეთის მიმართ პრაგმატული მიდგომის აუცილებლობაზე. რას ნიშნავს ეს?

ირაკლი კობახიძე: მთლიანი სურათი რომ მოგაწოდოთ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ არ გვაქვს. ასე რომ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამ რეგიონში, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. ჩვენ ძირითადად გვაქვს სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები.

BBC: აპირებთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას?

ირაკლი კობახიძე: ამაში ძალიან აშკარა დაბრკოლებაა და ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ვინაიდან რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების ადგილი არ არის. ასე რომ ამაში ძალიან აშკარა დაბრკოლებაა.

დღის ამბები