24 ნოემბერი 2024,   12:13
ვრცლად
გაერთიანება არ შედგა, რადგან პარტიები ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლებისთვის მრავალფეროვნების შეთავაზება იყო გამარჯვების გზა და არა - ერთიანობის სია - ირაკლი ნადირაძე

როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ, საჭიროების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის შექმნა, თუ წინასაარჩევნოდ გაერთიანებას ვერ ახერხებს - "ღამის კურიერის" ამ კითხვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ უპასუხა.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმის გამო ვერ შედგა, რომ სხვა პარტიები პარტიების მრავალფეროვნებაში ხედავდნენ გამარჯვების გზას, ხოლო სხვადასხვა საკითხზე ისინი აქტიურად თანამშრომლობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან".

"მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სთავაზობდა ყველას, რომ ერთიანი სიით, ერთიანი ფრონტით გავსულიყავით და, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, მზად იყო ყველაზე მეტი დაეთმო ამ გაერთიანებისთვის, მაგრამ ეს გაერთიანება არ შედგა.

ამაში ტრაგედია არაფერია, ეს არ შედგა იმიტომ, რომ ეს პარტიები ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლებისთვის მრავალფეროვნების შეთავაზება იყო გამარჯვების გზა და არა - ერთიანობის სია, ხოლო ჩვენ სხვა დანარჩენ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, უმთავრესი ამოცანაა, რომ ჩვენ შევძლოთ საარჩევნო უბნებზე პროდასავლური ოპოზიციური ხმების დაცვა. მაგალითად, კოალიცია "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ყველაზე მეტი კომისიის წევრი, ეყოლება ყველაზე მეტი დამკვირვებელი, ყველაზე მეტი წარმომადგენლები და ჩვენ მათ პირდაპირ ვეუბნებით, რომ მათ უნდა დაიცვან არა მხოლოდ ენმ-ის ხმები, არამედ ყველა პროევროპული ხმა, მათ შორის, იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებსაც უბნებზე არ ჰყავთ კომისიის წევრები. ჩვენ ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ გვესმის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ, "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის პარტია, ღია, გახსნილი რჩება ყველა ოპოზიციური პარტიისთვის," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები