24 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
წითელი ცირკულარით ძებნილი საშიში დამნაშავე - "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არეულობის მოწყობის მიზნით შემოდიოდა

სახელისუფლებო პარტია, საქართველოში დარჩო ხეჩუაშვილის დაბრუნების მცდელობას კონკრეტული მოტივით ხსნის. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ხეჩუაშვილი, რომელსაც გამოძიება 8 წლის განმავლობაში, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ეძებდა, ახლა ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის მიზნით შემოდიოდა. სახელისუფლებო გუნდს ეჭვს ის ფაქტიც უმყარებს, რომ 2016 წელს ხეჩუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი, სწორედ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკური პროცესების გამწვავებისთვის ააფეთქა.

გივი თარგამაძემ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მისი ამფეთქებლის დაკავება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას დაუკავშირა. თარგამაძისგან განსხვავებით,"კუდის" ყოფილი თანამშრომლის საქართველოში შემოსვლის მცდელობა კითხვებს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უჩენს. 

ხელისუფლების ოპონენტები ამ ყველაფრის მიღმა კონკრეტულ მოტივებს ხედავენ და კითხვებზე პასუხს საგამოძიებო უწყებისგან ელოდებიან. 

დარჩო ხეჩუაშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმელი იყო. 2012 წლის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და საქართველოში მხოლოდ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ კი მიიმალა და ქვეყანა დატოვა. ახლაც, ხეჩუაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოსვლას, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ცდილობდა. ეს გარემოებები საეჭვოა მმართველი ძალისთვის, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ხეჩუაშვილის მონაწილეობით პროცესების დაძაბვას აპირებდა.

წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის მცდელობაზე, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ, დესტაბილიზაციისა და არეულობის რისკებზე 4 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა და მათ შორის, სწორედ 2016 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტიც გაიხსენა.

დარჩო ხეჩუაშვილს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დაუსწრებლად 18 წელი უკვე მისჯილი აქვს. საქართველოს საგამოძიებო უწყებები მას წითელი ცირკულარით ეძებდნენ. დღეს კი, ხეჩუაშვილი საქართველო-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, გამოძიების ინფორმაციით, ის ქვეყანაში შემოსვლას უკანონოდ ცდილობდა.

დღის ამბები