24 ნოემბერი 2024,   12:13
ვრცლად
24 საათიანი ბრძოლის შემდეგ ხანძარი ლიკვიდირებულია - ბორჯომის ხეობაში, ახალდაბის ტყეში ცეცხლის სტიქიას ორი დღის განმავლობაში ოთხი ვერტმფრენი, 150 მეხანძრე და ათობით მეტყევე ებრძოდა

ბორჯომში დაკვამლიანება მთის ფერდზე ადგილობრივებმა საღამოს საათებში შენიშნეს. რამდენიმე წუთში შესამჩნევი გაჩნდა ხანძარი.

ცეცხლი ბორჯომის ხეობაში, ახალდაბის მიმდებარედ შუანოს მთაზე, ტყის ქვედა საფარს მოედო. მალევე იწყება სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოები. პროცესში მეხანძრე- მაშველებთან ერთად რეინჯერებიც ჩაერთნენ.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკვე დილიდან კი, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

ცეცხლის კერების ლოკალიზების პროცესში 150 მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა. ერთ ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ქარი აფერხებდა. კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

უწყვეტი ქრობის სამუშაოებმა შედეგი, დღის პირველ ნახევარში გამოიღო. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი შუადღეს უკვე ლიკვიდირებული იყო. თუმცა დაკვამლიანებული კერების დამუშავება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ხანძრის შედეგად, ტყის ქვედა საფარი და ხმელი ხეები დაიწვა.

მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

დღის ამბები