მეცნიერებმა, 6 000 მეტრის სიმაღლეზე, ტიბეტის მთიანეთში მდებარე გულიას მყინვარის მიმდებარედ ყინულის ნიმუშები მოიპოვეს და მათი შესწავლის შედეგად ვირუსების დნმ-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობა აქამდე ცნობილი არ იყო. აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებს მასშტაბური პალეოკლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს.
ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მყინვარში აღმოჩენილი ვისუსები კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ინახავენ, რადგან ისინი ექსტრემალური ამინდის პირობებში გადარჩენისთვის ადაპტირებულნი არიან.
ისინი განმარტავენ, რომ აღმოჩენილი ვირუსები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავენ, რადგან ისინი, სავარაუდოდ, დომინანტ მიკრობებს უფრო უტევდნენ, ვიდრე დიდი ზომის არსებებს.
ტიბეტის ყინულის ანალიზმა მკვლევრებს წარმოდგენა შეუქმნა, როგორ იქცეოდნენ ვირუსები ბოლო 41 000 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების დროს. ყველაზე განსხვავებული სახეობები დაახლოებით 11 500 წლის წინანდელია, ანუ იმ დროინდელი, როცა პლანეტა უკანასკნელი გამყინვარების ეპოქიდან ჰოლოცენში ინაცვლებდა. ეს მიანიშნებს, რომ მიკროორგანიზმები გლობალური ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებდნენ, რაც ვირუსთა ევოლუციას განაპირობებდა.
მეცნიერების განმარტებით, მათ მიერ ყინულში აღმოჩენილი ვირუსების უმეტესობა უნიკალურია. ისინი ვარაუდობენ, რომ ვირუსები მყინვარში შუა აღმოსავლეთიდან და არქტიკიდან მოხვდნენ. მათი თქმით, ყინული კლიმატური ცვლილებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, რომლის მოპოვება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი.