24 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
საარჩევნო კამპანიების დაფინანსების საეჭვო წყარო და ანტიკორუფციული ბიუროს დასკვნა - რომელ პარტიებს არა აქვთ გამჭვირვალე ფინანსები

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური ძალები ფინანსურ დეკლარაციას ნაწილობრივ ან საერთოდ არ ასაჯაროებენ. მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, სავარაუდოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდება, რომლებიც თავის მხრივ, დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ თანხას, კანონმდებლობა კი უცხო ქვეყნიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქისგან პარტიების დაფინანსებას კრძალავს.

გამჭვირვალობის სტანდარტი და ინფორმირებული არჩევანი - ამ მიზნით ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო სუბიექტებს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 31 აგვისტომდე განუსაზღვრა. დასახელებული პარტიები მონიტორინგის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და მას მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ, თუმცა, მათი ნაწილი ადასტურებს, რომ დაფინანსების შესახებ სრული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუცია.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ კეზერაშვილის პარტიის წარმომადგენლებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებაში სხვების დადანაშაულების მორალური უფლება არ აქვთ. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ მათი ოპონენტები დაფინანსების შესახებ ინფორმაციას შეგნებულად მალავენ.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, გაცემული გრანტების გამჭვირვალობა უზრუნველყონ და საარჩევნო პროცესში ნეიტრალობა დაიცვან. დონორი ორგანიზაციების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მაგალითად კი დანიური მხარისგან დაფინანსებული "დემოკრატიის ფესტივალი" მოიყვანა. ღონისძიების ორგანიზატორი მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრია, რომლის დამფუძნებელიც ლევან ცუცქირიძეა. ცუცქირიძესთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროს სხვა კითხვებიც აქვს - პირველ რიგში ის, თუ რატომ არ რეგისტრირდება პოლიტიკურ პარტიად მისი მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", რომელიც "ლელოსთან" კოალიციაშია და გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს. ბიურომ, კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ლევან ცუცქირიძეს და მისი დაარსებული ორგანიზაციების წევრებს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა.

"თავისუფლების მოედან" რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტია, ამას არც თავად ორგანიზაცია უარყოფს და არც პარტია "ლელო", თუმცა ლევან ცუცქირიძის მოძრაობა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგებს მაინც სიცრუეს უწოდებს. განცხადება ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ცუცქირიძის ნაცვლად კი კომენტარი "ლელოში" გააკეთეს.

ანტიკორუფციული ბიურომ, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა პარტიების ფინანსური მონიტორინგი იანვრიდან აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. მოკვლევის ფარგლებში შემოწმდა წინა წლის დეკლარაციებიც.

დღის ამბები