ახლო აღმოსავლეთში, 10-თვიანი კონფლიქტის დასასრული, შესაძლოა, მალე დადგეს. ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერთან 3-საათიანი შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ისრაელი შტატების წინადადებას დათანხმდა. ამერიკული გეგმის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში უნდა შეწყდეს ცეცხლი, მოქალაქეებისთვის შეიქმნას ჰუმანიტარული ზონა, ჰამასმა კი მძევლები გაათავისუფლოს.
კმაყოფილია ისრაელიც, პირველი ნაბიჯები კი - უკვე გადადგმული. ისრაელმა დღეს ღაზის სექტორში 40 პალესტინელი გაათავისუფლა. მანამდე, ღაზაში, ისრაელის სამხედრო ძალებმა 6 გატაცებული მძევლის ცხედრის დაბრუნება შეძლეს.
კონფლიქტის მეორე მხარე, ჰამასი ჯერჯერობით უარს ამბობს შეთავაზებაზე. ბლინკენმა ჰამასს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. პასუხად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ამ დიალოგის მიზანი ისრაელისთვის დროის მოგება და გენოციდის გახანგრძლივებაა.
შეთანხმების წარმატებული შედეგისთვის, ისრაელის შემდეგ, ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. ცნობილია ეგვიპტის ლიდერის პოზიციაც. აბდულ ალსისი აცხადებს, რომ დროა, ომი დასრულდეს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღებისკენ ამერიკის პირველი დიპლომატი მოუწოდებს და შემდეგ მოლაპარაკებებს უკვე დოჰაში გამართავს.