24 ნოემბერი 2024,   12:08
ვრცლად
საერთაშორისო ძებნაში მყოფი პედოფილი საქართველოში დააკავეს - "კურიერმა" გასაიდუმლოებული საქმის კიდევ უფრო მეტი დეტალი გაარკვია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ამერიკის მოქალაქის ექსტრადირების საკითხი განიხილა. სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში უმძიმესი დანაშაულისთვის რამდენიმე თვეა ეძებენ. საქმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ეხება.

დანაშაულის ადგილი აიდაჰოს შტატია. საბრალდებო სკამზე მჯდომი უცხო ქვეყნის მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

"კურიერმა" გასაიდუმლოებული საქმის კიდევ უფრო მეტი დეტალი გაარკვია. დაკავებული დაახლოებით 35 წლის არის და ის ამერიკაში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. დანაშაული 2023 წელს არის ჩადენილი, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ძებნილად 2024 წლის ივლისში გამოცხადდა. ირკვევა, რომ ამერიკის მოქალაქეს, იმ დროისთვის, სამშობლო უკვე დატოვებული ჰქონდა და საქართველოში იმყოფებოდა.

ძებნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში დააკავა. სავარაუდო დამნაშავის დროებით საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკაც ჩატარდა.

ამერიკის მოქალაქის შტატებში ექსტრადიცია, სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განხორციელდება.

დღის ამბები