სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეზობლებმა ხმაური გამთენიისას გაიგეს. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ 72 წლის ქალი საკუთარ ეზოში მოკლეს. თავდამსხმელმა მას სხეულზე, დანით, ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივებისთვის უცნობია, თუ ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ პენსიონერი. ამბობენ, რომ ქალს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. სამტრედიაში ჰყვებიან, რომ ის გამთენიისას, მეზობლის სახლში, ქათმების გამოსაკვებად იყო გადასული. სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ მეზობლის სახლიდან გამოჰყვა.
მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ ქალმა დასახმარებლად სახლში მყოფ მეუღლეს უხმო. მკვლელი ადგილიდან გაიქცა, ქმარს კი მძიმედ დაჭრილი ცოლი ხელებში ჩააკვდა.
დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, თუმცა, "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული იდენტიფიცირებულია, ის მეზობლად მცხოვრები, 35 წლის მამაკაცია.
სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელზე ძებნა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადეს.