აშშ-ში, კალიფორნიაში, პოლიციამ ნიახურის შეკვრებში 300 კილოგრამამდე მეტამფეტამინი აღმოაჩინა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
სასაზღვრო და საბაჟო დაცვის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ ინციდენტი 9 აგვისტოს, საღამოს მოხდა. მესაზღვრეებმა 34 წლის მამაკაცი შეამოწმეს, რომელიც ნიახურით დატვირთულ კომერციულ, მისაბმელიან ტრაქტორს მართავდა და აშშ-მექსიკის საზღვრის კვეთას ცდილობდა.
სასაზღვრო და საბაჟო დაცვის ოფიცრების ინფორმაციით, ტრაქტორის მძღოლს მოქმედი საზღვრის კვეთის ბარათი ჰქონდა და ტვირთი რეგისტრირებული იყო, როგორც ნიახურის პარტია. სტანდარტული შემოწმების შემდეგ, ის დამატებით შემოწმებაზე გაგზავნეს, რა დროსაც კინოლოგებმა ნარკოტიკები აღმოაჩინეს.
მესაზღვრეების ინფორმაციით, ნიახურის შეფუთვებში მეტამფეტამინის 508 შეკვრა, სულ 285 კგ. ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, რაც დაახლოებით 755 000 დოლარის ღირებულების არის.