სიცილიის სანაპიროსთან, ბრიტანული იახტის Sicily-ის ჩაძირვის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, 2 დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნედა მორვილო, ამერიკელი სამკაულების დიზაინერი და მისი მეუღლე, ადვოკატი კრის მორვილო, დაკარგულებს შორის არიან. ინფორმაცია მორვილოს დამსაქმებელმა, იურიდიულმა ფირმა Clifford Chance-მა დაადასტურა.
Morgan Stanley International-ის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე ჯუდი ბლუმერი - ორივე დაკარგულია, ისინი ბრიტანელი ბიზნესმენის მაიკ ლინჩის სტუმრები იყვნენ, რომელიც 18 წლის ქალიშვილ ჰანა ლინჩთან ერთად გაუჩინარდა.
ერთ-ერთი გადარჩენილის ინფორმაციით, ადვოკატები, რომლებიც ლინჩის წარმოადგენენ, ივნისში სასამართლო პროცესზე მისი გამართლების შემდეგ მასთან იახტაზე იყვნენ მიწვეულები.
სამაშველო ოპერაცია პორტიჩელოს მახლობლად გრძელდება, მყვინთავები იახტის კაიუტებში შეღწევას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები, შესაძლოა, იახტის კაიუტებში არიან ჩარჩენილები, რადგან, შტორმის შედეგად, იახტა ძალიან სწრაფად ჩაიძირა, რის გამოც, სავარაუდოდ, მათ იახტის დატოვება ვერ შეძლეს.
ერთ-ერთმა მყვინთავმა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ იახტა "ფაქტობრივად, ხელუხლებელი" იყო და მისი ერთ-ერთი გვერდი ზღვის ფსკერს ეყრდნობოდა.
იტალიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, მყვინთავების იახტის კაიუტებში შეღწევას ავეჯი აფერხებდა, რომელიც ბლოკავდა იახტის შესასვლელებს. მათი განმარტებით მყვინთავები შესვლის ალტერნატიულ გზებს ეძებდნენ, მათ შორის, ფანჯრიდან შესვლასაც ცდილობდნენ.
მყვინთავებს წყალქვეშ ყოფნის 12-წუთიანი შეზღუდვა აქვთ დაწესებული. ჩაყვინთვა-ამოყვინთვის დროის გათვალისწინებით, მათ ყოველი ჩაყვინთვის დროს მხოლოდ 10 წუთი რჩებათ იმისთვის, რომ ჩაძირული გემის ბორტი დაათვალიერონ.
ცნობისთვის, გუშინ სიცილიის სანაპიროსთან, ძლიერის შტორმის გამო, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული 56-მეტრიანი იახტა ჩაიძირა, რომელზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა. იახტის ჩაძირვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.