24 ნოემბერი 2024,   12:10
ვრცლად
იმდენად სამარცხვინოა "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა, იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ფლანგები - ლევან მაჭავარიანი

ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობა". ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფლანგი და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით, იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა, იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ფლანგები, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების თაობაზე განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან ოპოზიციურმა პარტიებმა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია, დაასკვნის, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა."

"ეს ყველაფერი დაიწყო წლების წინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას", თითქოს, გამოეყო გიგა ბოკერია და შეიქმნა "ევროპული საქართველო". ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ეგონა, რომ "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, გუშინ თუ გუშინწინ გიგი წერეთელი რომ შეუერთდა მათ, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს უბრალოდ არის სხვადასხვა სახელწოდება, ისინი წარმოადგენენ ერთიან ძალას. იგივე შემთხვევა არის მაგალითად "ახალი“, ახალთახალიც რომ დაირქვან, მაინც არიან ძალიან ძველები. როგორ უნდა შეიყვანონ საზოგადოება მათ შეცდომაში? ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი და კარგად აზროვნებს ჩვენი საზოგადოება. ბატონი გვარამია გახლდათ გენპროკურორი თუ გენპროკურორის მოადგილე და იუსტიციის მინისტრი და რამდენ სისხლიან და უსამართლო საქმეში აქვს მონაწილეობა უშუალოდ მიღებული ხომ? ბატონი მელია გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, როგორ არის ის ახალი? ქალბატონო ელენე ხოშტარია რამდენი ფლანგიც იყო, ყველგან ნამყოფია, "ევროპული საქართველოს“ წევრიც იყო და იგიც და მისი ოჯახიც წლების განმავლობაში უკვე ფინანსდება რუსეთიდან და ამ კითხვებზეც არ აქვს პასუხი გაცემული საზოგადოებისთვის. ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია და რა ამორალური განცხადებები აქვს მას გაკეთებული, მე ვერ გაკადრებთ, რომ ეს ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ როგორი არაპატრიოტული განცხადებები აქვს გაკეთებული ამას გეტყვით - მას პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მისთვის ავტორიტეტს არც თავისი მშობელი და არც პატრიარქი არ წარმოადგენს. კი ბატონო, ეს მისი უფლებაა და მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, გაჰყვება თუ არა ესეთ ლიდერს, მაგრამ კითხვაზე - მიიჩნევს თუ არა ის თავს ქვეყნის პატრიოტად, მას პასუხი აქვს გაცემული, რომ მე თავს ქვეყნის პატრიოტად არ ვთვლიო. ეს ჩამოვთვალე "ახალი" თუ ძველების შემადგენლობა. ხატია დეკანოიძე რომ უერთდება, ყველამ ვიცით, ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა-  ჩვეულებრივად, "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრია. სადაც არ უნდა გავიხედოთ, აბსოლუტურად ყველგან, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან და იმისთვის აკეთებენ მათი გარე დავალების მიმცემები ამას, რომ, თითქოსდა, ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ სხვადასხვა ცენტრია, სხვადასხვა პარტიაა, ანუ ადამიანს, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია, ყველა დაასკვნის იმას, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები