27 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
სპეცოპერაცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 20-მდე პირი 

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - "კურიერის" ინფორმაციით, დაკავება ნარკორეალიზაციის ფაქტებს უკავშირდება. სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა.

ამ დროისთვის, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 20-მდე პირია დაკავებული. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რაოდენობას, რომლებიც სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ამოიღეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოიყვანეს. მისი პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

ფონიჭალის გარდა, პოლიცია მობილიზებულია კიდევ ერთ მისამართზე, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე ვრცელი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

"დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღის ამბები