27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
საქართველო 5-წლიანი პაუზის შემდეგ ჰესების მშენებლობას იწყებს -  მთავრობამ განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი სქემა შეიმუშავა

მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მთავრობამ განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი სქემა შეიმუშავა. ეს დეველოპერებს და ინვესტორებს საშუალებას მიცემს ჰიდრო, ქარის და ენერგეტიკული მიმართულებით ახალი პროექტები განახორციელონ. ეკონომიკის სამინისტროში უკვე დაითვალეს ის შემოსავალი, რასაც ქვეყანა ინვესტიციის სახით ამ პროექტების განხორციელების შედეგად მიიღებს.

ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმდა 63 ხელშეკრულება, რაც ქვეყანას მილიარ დოლარამდე ინვესტიციას მოუტანს. დაგეგმილია 26 ჰიდროელექტროსადგურის, 7 ქარის ელექტროსადგურისა და 30 მზის სადგურის მშენებლობა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 454 მეგავატი იქნება. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამ პროექტების განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებენ.

ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, პირველად მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველომ ექსპორტზე 990 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გაიტანა, რაც ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გახდეს ენერგოექსპორტიორი და პარალელურად სატრანზიტო ჰაბი. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველი გუნდის წევრები. დეპუტატები „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე" საუბრობენ. წინასწარი მონაცემებით ელექტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს 1000 მეგავატი სიმძლავრის და 1195 კმ სიგრძის იქნება.

განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი პროგრამა უკვე დაამტკიცეს მთავრობის სხდომაზე. ეკონომიკური სარგებელი და ენერგო გამტარის სტატუსი, პრემიერ მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობენ.

ექსპერტების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი გამოწვევაა, ორმაგად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

ხელისუფლების პირველი პირები ამბობენ, რომ ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

დღის ამბები