27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილის სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად აუცილებელია, რომ ყველა ახალგაზრდას გავლილი ჰქონდეს საბრძოლო მომზადება. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კოდექსის შემუშავებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავადაც ჩართული იყო.

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ იცვლება ჩვენ გარშემო ყველაფერი და არ შეიძლება, რომ გაწვევა სავალდებულო არ იყოს. ამდენი ხანი რატომ ეძინათ, არ ვიცი, არადა თვეების განმავლობაში მე, პირადად, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ჩართული ვიყავი ზუსტად ამ კოდექსის შემუშავებაში და ყოველ ჯერზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ვეკითხებოდი, რატომ არ გამოგვქონდა და რატომ იყო გაჩერებული. კარგია ის, რაც კეთდება, ამდენ ხანს არ უნდა გაწელილიყო. აღდგება სავალდებულო სამსახური, მაგრამ არ იქნება არანაირი ყარაულები, არანაირი დაცვის პოლიციაში წაყვანა, არანაირი ჭიშკართან ატუზული ბავშვები საპატიმროების ე.წ. კოშკურებზე. წავა ყველა ახალგაზრდა, ვინც 18 წლის გახდება და რამდენიმეთვიან საბრძოლო მომზადებას გაივლის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, მხოლოდ ჯარში და აუცილებლად ყველა გაივლის ბატალიონის დონეზე საბრძოლო მომზადებას. ეს კარგია და შესაბამისად, აქ იქნებიან ყველა პროფესიის წარმომადგენლები, არანაირი დათქმები არ იქნება, არანაირი ,,გირჩის“ ცნობებით თავის დაძვრენა, რაც თავისთავად დიდი მავნებლობა იყო. ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა გაივლის საბრძოლო მომზადებას, ეს არის აუცილებელი, ამით უნდა გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვის ძალები და ყველა ახალგაზრდამ ოფლი უნდა ღვაროს ქვეყნის სამსახურში, უნდა იცოდეს იარაღთან მოპყრობა და ელემენტარული ტაქტიკური მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები