რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამივე მოქალაქე თავისუფალია.
არასრულწლოვნის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეძლეს ვლადიმერ ჯოხაძემ და მალხაზ ტიელიძემ.
ინფორმაცია გვიან ღამით სუსმა გაავრცელა. სამი მოქალაქის უკანონო დაკავება სოფელ მეჯვირსხევთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4 დღის წინ მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
დაკავების შესახებ ისაუბრეს ყოფილმა პატიმრებმაც. მათი თქმით, ცხინვალში ე.წ. სასამართლო არ გამართულა.