27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
პროკურატურა -  სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე, ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი, - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადეს.

მათივე ცნობით, სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ორი დარღვევა დადგინა, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და სასამართლო პროცესის დახურვასთან არის დაკავშირებული.

"შესაბამისად, გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. რაც შეეხება დარღვევებს, შესაბამისი უწყებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ამასთან ერთად, მამალაძეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, ხოლო კომპენსაციის სახით მოთხოვნილი დაახლოებით 800 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა", - განაცხადეს პროკურატურაში. 

 

 
დღის ამბები