კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. კომუნიკაციების კომისიას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ეწვია. კვლევის ფარგლებში, ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება.
"დავიწყეთ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა. კვლევა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის მოიცავს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, როგორც მობილურს, ასევე ფიქსირებულ სეგმენტს მოვიკვლევთ და რაც მთავარია, ეს მოხდება ევროკავშირის საუკეთესო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით," - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე.
როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა ამბობს, პროექტი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზრის ჰოლისტურ ანალიზს ეხება საკმაოდ ამბიციური და კომპლექსური პროექტია.
"ჩვენი მხარდაჭერით დაიწყო საკმაოდ ამბიციური და კომპლექსური პროექტი, რომელიც ეხება სატელეკომუნიკაციო ბაზრის ჰოლისტურ ანალიზს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია ჩართულია ამ გამოწვევაში უმაღლესი დონის ექსპერტთა გუნდთან ერთად, რომელშიც შედიან კომისიის ყოფილი წევრები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე. პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია," - აცხადებს იოლანტა ტაჩინსკა.
კვლევის კექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის დომაგო იურევიჩის განცხადებით, პროექტი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრების ანალიზს მოიცავს.
"კომუნიკაციების კომისიასთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრების ანალიზს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მარეგულირებელი ორგანოებისთვის, რათა განვსაზღვროთ ბაზრის კონკურენტუნარიანობა და მისი რეგულირების საჭიროება. ჩვენი ანალიზი ეყრდნობა ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას," - განაცხადა კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.